აკუნინი, შევჩუკი, ბიკოვი... აქტიურები აქტიურდებიან

აკუნინი, შევჩუკი, ბიკოვი... აქტიურები აქტიურდებიან

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის, 4 მარტის მოახლოებასთან ერთად საარჩევნო ტემპერატურა სულ უფრო მატულობს. ტემპერატურის  ერთ-ერთი მთავარი ამწევი, თანამედროვე რუსეთისთვის უჩვეულოდ მზარდი სამოქალაქო აქტიობაა. დუმას არჩევნებზე მომხდარი ფალსიფიცირებებითა და მასთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ გამოთქმული მკაცრი შეფასებებითა და მოთხოვნებით იმედმოცემული მოქალაქეები, ყინვების მიუხედავად, ქუჩაში გამოდიან და თავიანთ პროტესტს უკვე ხმამაღლა აფიქსირებენ.

რაც ყველაზე ნიშანდობლივია ამ პროტესტების მთავარი მამოძრავებელი არა პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოების წარმომადგენლები არიან.

ცოტა ხნის წინ რუსეთში ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია ”ამომრჩეველთა ლიგა” შეიქმნა, რომლის დამფუძნებელთა შორის რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ადამიანები, მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი), როკ-მომღერალი იური შევჩუკი, მწერალი ლუდმილა ულიცკაია, მწერალი და პუბლიცისტი დმიტრი ბიკოვი და ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი არიან.

როგორც დ. ბიკოვმა გაზეთ ”Московский Комсомолец”-ს განუცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასეთი გაერთიანების შექმნის მიზანია უზრუნველყოს  ”საპრეზიდენტო არჩევნების სრული გამჭვირვალეობა და მასზე მაქსიმალური კონტროლი”. მართალია ამდაგვარი ორგანიზაცია რუსეთში არასოდეს ყოფილა, მაგრამ მისი დამფუძნებლები ველოსიპედის თავიდან გამოგონებას არ აპირებენ. მათი განცხადებით, ისინი  ”გამჭვირვალე და სამართლიანი ელექტორალური პროცედურების” ევროპულ გამოცდილებას დაეყრდნობიან. ”ამომრჩეველთა ლიგა” პატიოსან არჩევნებს გაუწევს პროპაგანდას, ორგანიზებას და კოორდინირებას გაუკეთებს დამკვირვებელთა, პროგრამისტთა და ინფორმატორთა მუშაობას. ”ამასთან, ლიგა შეეცდება უზრუნველყოს ხალხის ნების გამოვლინების ადეკვატურობა: უკანონო აგიტაციის არდაშვება და აგიტაციის უპატიოსნო  ხერხების გამომჟღავნება.” - განმარტა ბიკოვმა. ჯერჯერობით უცნობია, იგეგმება თუ არა ამდაგვარი ორგანიზაციების შექმნა  რეგიონებში და ვინ შევა მათ შემადგენლობაში. უცნობია რა მაშტაბებსა და ფორმებს მიიღებს რუსეთში ახალფეხადგმული სამოაქალაქო საზოგადოება, თუმცა მისი ჰიმნის ავტორობა  ლეგენდარული ДДТ-ს და მის ლიდერს, იური შევჩუკს ალბათ გარანტირენული აქვთ.

http://www.youtube.com/watch?v=6O2ixamNJ44&feature=related