ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი სერ ენტონი ჰოპკინსი კლასიკური მუსიკით დაინტერესდა და საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა ახალ ამპლუაში სურს.
მიმდინარე წლის იანვრის დასასრულს გაყიდვაში ბრიტანელი მსახიობის სადებიუტო ალბომი გამოვა. მისი სახელწოდებაა “Anthony Hopkins - Composer”. ამ ნამუშევარში სერ ენტონი კომპოზიტორის როლში მოგვევლინება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სერ ენტონი აპირებს ცოტა ხნით შეისვენოს გადაღებებისგან და მსოფლიო ტურნეში გაემგზავროს როგორც პიანისტი.
იდეა საგასტროლო მოგზაურობის შესახებ მსახიობს კომპოზიტორი მალკოლმ ლუკერის გაცნობის შემდეგ გაუჩნდა.
ჰოპკინსი და ლუკერი მსოფლიო ტურნეს დაწყებას ავსტრალიაში გეგმავენ. მსახიობი ორკესტრის თანხლებით ფორტეპიანოზე დაუკრავს. ამის პარალელურად ის დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა მუსიკალური ისტორიებითაც შეაქცევს.
მომავალი საგასტროლო ტურნე მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია “მწვანე კონტინენტის” შემდეგ მსახიობი რომელ ქვეყნებს ესტუმრება.