ფაქტორები, რამაც ლარი კურსი უნდა დააბალანსოს, ჯერჯერობით დაიმედების საფუძველს არ იძლევა

ფაქტორები, რამაც ლარი კურსი უნდა დააბალანსოს, ჯერჯერობით დაიმედების საფუძველს არ იძლევა

გრძელვადიან პერსპექტივაში მოლოდინი ნეგატიურია, რაც გარკვეულწილად აისახება ლარის კურსის სპეკულაციურ კომპონენტზე, - ასე ხსნის ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე კომერციული ბანკებისა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში არსებულ ლარის კურსის მნიშვნელოვან სხვაობას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსიდან.

კალანდაძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებას როგორც მოკლევადიან ეფექტებზე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს.

"17 იანვარს ლარის ოფიციალური კურსი 1,94 იყო. ეს განსხვავება კომერციული ბანკებისა და ვალუტის გადამცველი ჯიხურებისა და ეროვნული ბანკის კურსის, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი ის, რომ ბოლო ვაჭრობა იყო პარასკევს, შაბათ-კვირას, როგორც წესი, ვაჭრობა არ არის და ეს ყოველთვის ნეგატიურად აისახება კურსზე. ვნახოთ, როგორი კურსი დაიდება დღევანდელ ვაჭრობაზე და აქედან გამომდინარე შეიძლება გარკვეული დაკორექტირება. მეორე ფაქტორი არის ნეგატიური მოლოდინი. ბოლო პერიოდში ლარის კურსს მკეთრად ნეგატიური ტენდენცია აქვს. აქედან გამომდინარე, ბიზნესისთვის, მათ შორის, საბანკო სექტორისთვის მოლოდინებიც საკმაოდ ნეგატიურია, მითუმეტეს, როდესაც ის ფაქტორები (ექსპორტი, ფულადი გზავნილები), რამაც ლარი კურსი უნდა დააბალანსოს, ჯერჯერობით ძალიან მყიფეა და დაიმედების საფუძველს არ იძლევა. გრძელვადიან პერპსექტივაში მოლოდინი ნეგატიურია, რაც გარკვეულწილად აისახება კურსის სპეკულაციურ კომპონენტზე. ეს დიდი სხვაობა სწორედ სპეკულაციური კომპონენტით არის გამოწვეული", - განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების გადასადგმელ ნაბიჯებს, რათა ლარის კურსი დარეგულირდეს, კალანდაძის თქმით, აუცილებლად უნდა დაიძრას ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც დაანონსებული, მაგრამ შეფერხებულია, მანამდე კი ხარჯვითი კომპონენტის ოპტიმიზაცია და გრანტების და კრედიტების პირველი ტრანშების მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში მოზიდვა უნდა მოხდეს.

"ხელისუფლების ქმედებები ორ ნაწილად უნდა გაიყოს – გრძელვადიან პერსპექტივაზე და მოკლევადიან ეფექტებზე გათვლილი. პირველს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოსთვის პირველი შედეგების დადება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც, გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ქვეყნის შიგნით, დაანონსებულია, მაგრამ შეფერხებულია, აუცილებლად უნდა დაიძრას. მხედველობაში მაქვს ანაკლიის პორტი, ნენსკრას პროექტი, ხუდონჰესის პროექტი, რომელთა დაძვრაც ძალიან მნიშვნელოვანი თვალსაზრისით გააუმჯობესებს საგადამხდელო ბალანსს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ამავდროულად იქნება სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ინვესტიციების განხორციელება პრობლემებთან არ არის დაკავშირებული", - განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება მოკლევადიან ეფექტებს, ექსპერტის აზრით, აუცილებელია დეფიციტური ხარჯვის შეწყვეტა.

"უნდა ვხარჯოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც შემოსავლების სახით გაქვს. მე მესმის, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ ახლა ლარის კურსის დასტაბილურებისა და აქედან გამომდინარე, მომავალში ნეგატიური ტენდენციების გაღრმავების აღსაკვეთად, ჩვენ ცოტა უნდა გავიჭირვოთ. ასევე მნიშვნელივანია, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალსწინებული გრანტების და კრედიტების ნაწილში პირველი ტრანშები მაქსიმალურად ფორსირებულ რეჟიმში იქნას მოზიდული, რათა სავალუტო წყაროები და გარკვეული დამაბალანსებელი ფაქტორი გაჩნდეს", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

უკრიანის, რუსეთისა და თურქეთის ეროვნული ვალუტების გაუფასურება, პირდაპირი ფულადი გზავნილების შემცირებული ნაკადი კი, ლევან კალანდაძის თქმით, ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორებია, რომლებზეც, სამწუხაროდ, გავლენას ვერ მოვახდენთ.

"ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რაც შეგვიძლია. ეს არის ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაცია, გრანტების და კრედიტების მოზიდვა და გრძელვადიან პერსპექტივაში ზრუნვა იმაზე, რომ ის მაბალანსებელი ფაქტორები, რაც ზოგადად განაპირობებს ლარის მსყიდველობითი უნარის სტაბილურობას და კურსის მდგრადობას, უზრუნველყოფილი იქნას", - დასძინა ლევან კალანდაძემ.

კომერციული ბანკების უმეტესობაში დოლარი 1,98 ლარად იყიდება. დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი კი, რომელიც უქმე დღეების გამო 17 იანვრიდან არ შეცვლილა, დღეისთვისაც 1.94 ლარს შეადგენს.