საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა მის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მამა ილიამ თავისი რწმენით და გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა.
"ძნელია საქართველოს ისტორიაში ჩაწერო შენი სახელი მაშინ, როდესაც სამშობლოსთვის ამდენი თავდადებული წმინდანი და გმირია. მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა და გაანათა ის თავისი რწმენითა და გმირობით. სამოქალაქო გმირობისთვის მამა ილია კარტოზია დავაჯილდოვეთ. ეს არის მცირე წვლილი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ ბუნებრივია, მისი ხსოვნის პატივისცემა და მის მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა ყველა ჩვენგანის ვალია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია სიკვდილის შემდეგ სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის დააჯილდოვა.
მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 დეკემბერს გარდაიცვალა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა.