"ისლამური სახელმწიფო" ორი იაპონელი მძევლის - ჰარუნა იუკავასა და კენძი გოტო იოგოს მოკვლით იმუქრება, თუ მათ სანაცვლოდ 200 მილიონ დოლარს არ მიიღებს. ამის შესახებ დაჯგუფების მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი.
როგორც ვიდეოში ჩანს, "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" გამოსასყიდის მიღებას 72 საათის განმავლობაში ითხოვენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, "ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეო მას შემდეგ გაავრცელა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ პირობა დადო, რომ 200 მილიონი დოლარით გაზრდიდა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების დახმარებას.
"თქვენმა სახელმწიფომ სულელური გადაწყვეტილება მიიღო, გადაიხადოს 200 მილიონი დოლარი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად. თქვენ 72 საათი გაქვთ, რათა აიძულოთ თქვენი მთავრობა, მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილება და 200 მილიონი დოლარი გადაიხადოს თავისი მოქალაქეების გადასარჩენად", - ნათქვამია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
2014 წლის ზაფხულში "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა თავი მოკვეთეს ორ ამერიკელს - ჯეიმს გოულისა და სტივენ სოტლოფს. სექტემბერში სიკვდილით დასაჯეს ბრიტანელი დევიდ ჰეინსი, ჩამოახრჩეს ფრანგი ერვე გიურდელი და ამერიკელი პიტერ კესიგი.