თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პოლიციამ დემონსტრანტები წიწაკის ცრემლსადენი სფრეის და წყლის ჭავლის გამოიყენებით დაშალა, რომლებიც რვა წლის წინ გარდაცვლილი ეროვნებით სომეხი ჟურნალისტის, ჰრანტ დინკის მკვლელობის დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.
თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარაში პოლიციამ 20-მდე დემონსტრანტი დააკავა.
ჟურნალისტის მოსაგონარი მრავალათასიანი აქცია სტამბოლშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები, წარწერებით: "ჩვენ ყველა ჰრანტი ვართ, ჩვენ ყველა სომხები ვართ".
ყოველკვირეული თურქულ-სომხური გაზეთის "აკოსის" რედაქტორი ჰრანტ დინკი 2007 წლის 19 იანვარს მოკლეს.
ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოგუნ სამასტი 2011 წელს პოლიციას თავად ჩაბარდა. ასობით ადამიანის აღშფოთება ამ საქმეს მას შემდეგ მოჰყვა, რაც გაირკვა, რომ მკვლელობის გეგმის შესახებ თურქეთის ძალოვანი უწყებები წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას, მაგრამ მკვლელობის აღსაკვეთად არაფერი მოიმოქმედეს.