#7 დაწესებულებაში 10-მდე პატიმარი შიმშილობს

#7 დაწესებულებაში 10-მდე პატიმარი შიმშილობს

პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში 10-მდე პატიმარი შიმშილობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ყველა დამკვირვებელი, მათ შორის სახალხო დამცველიც ადასტურებს, რომ მე-7 დაწესებულებაში ძალიან მძიმე პირობებია. 

"ამ დაწესებულებაში რომ მძიმე პირობებია ამას ყველა ადასტურებს. არის სულ ნესტი. ტუბერკულოზიანი პატიმრები გადაყავთ და მერე ეუბნებიან აღარ გაქვთ ტუბერკულიოზიო, თუმცა ამ დროს რამდენიმე თვე სიცხეები აქვთ. ერთი სიტყვით ამ დაწესებულებაში ძალიან მძიმე სიტუაციაა და პატიმრებმა დაიწყეს შიმშილობა. უკვე ერთი კვირაა ისინი შიმშილობენ. პატიმრები მოითხოვენ, რომ ადამიანურ პირობებში გადაიყვანონ", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. 

მისივე თქმით, შიმშილობის დაწყების შემდეგ მოშიმშილე პატიმრებს დაუწესეს შეზღუდვები, კერძოდ, აუკრძალეს სატელეფონო საუბრები, პაემნები.