პატრიარქის ნათლული დღეს 1300-მდე ჩვილი გახდა

პატრიარქის ნათლული დღეს 1300-მდე ჩვილი გახდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შვილთა 38-ე ნათლობა დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ნათლული კიდევ 1300-მდე ჩვილი გახდა. ნათლობის პროცესის დასრულების შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდა. უწმინდესმა სამებაში შეკრებილთ მცირე ქადაგებით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი დღესასწაულია.

კათოლიკოს-პატრიარქმა პატარები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები დალოცა და მათ ღვთის წყალობა უსურვა.

ტაძარი სავსეა ბავშვებით, მათი ნათლიებითა და მშობლებით. უწმინდესი პატრიარქის ტახტზე დაბრძანდა და მასთან სათითაოდ მიჰყავთ ნათლულები დასალოცად. მონათლულებს სამახსოვროდ ნათლობის მოწმობები, ჯვრები და სამახსოვრო კალენდრები გადაეცათ.

დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 22 ათასზე მეტი ბავშვია. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.