თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა, სოფელ შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ალიბეგაშვილმა დაღუპული გმირების ოჯახებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო სწორედ ასეთ გმირებზე დგას.
"ვიდრე საქართველოს ასეთი პიროვნებები და თავდადებული გმირები ეყოლება, ის ყოველთვის დაიკავებს ღირსეულ ადგილს მოწინავე სახელმწიფოებს შორის. როდესაც ჩვენ ვისმენთ იმ თავდადების შესახებ, რომელიც ამ ადამიანებმა საკუთარი სამშობლოს წინაშე გამოიჩინეს, ბუნებრივია კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი ხსოვნის წინაშე და ვივსებით სიამაყით", – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოს წევრის, გენერალ კობა კობალაძის განცხადებით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს პოზიცია, რომ პირველ რიგში პატივი საქართველოსათვის თავდადებულ ადამიანებს მიეგოს, მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რადგან ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ აღნიშნული უნდა წარმოადგენდეს.
"ტრაგედიის ეს ადგილი დღევანდელ დღეს მეტად ნიშანდობლივია, ვინაიდან აქ, სხვა თავდადებულ გმირთან ერთად, ნათლიამ და ნათლულმა ერთად შეწირეს სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს. აღსანიშნავია, რომ მათმა ამ მართლაც უდიდესმა თავგანწირვამ თვით მოწინააღმდეგეც კი გააოცა. ამ ბიჭებმა სიკვდილით სიკვდილის დამარცხება შეძლეს", - აღნიშნა კობალაძემ.
ტრაგედიის ადგილას სასულიერო პირებმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და ეროვული გვარდიის გენერალმა ლევან გამყრელიძემ, მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და გმირულად დაღუპულთა უკვდავსაყოფი მონუმენტიც დაათვალიერეს, რომელთა საზეიმო გახსნა აგვისტოს თვეშია დაგეგმილი.
პროექტის ავტორის, ედმუნდ მინაშვილის განცხადებით, ბრინჯაოს 16-მეტრიანი მონუმენტი ტაძრის ეზოში, გმირების საფლავებთან იქნება აღმართული. ხოლო თავად ტაძარს, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა–კურთხევით "ყოველ ქართველთა და ოსთა ბრძოლის ველზე გარდაცვლილთა ხსოვნის" სახელი მიენიჭება.