დადგა დრო, ქართული კინო განვითარდეს და ის ახალ ეტაპზე ავიყვანოთ

დადგა დრო, ქართული კინო განვითარდეს და ის ახალ ეტაპზე ავიყვანოთ

დადგა დრო, რომ ქართული კინო განვითარდეს და ის ახალ ეტაპზე ავიყვანოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც კულტურის მინისტრთან ერთად ოსკარზე წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღებ ჯგუფს და კინოხელოვანებს ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავ ღონისძიებაზე უმასპინძლა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეჟისორ ზაზა ოვაშვილის ფილმის წარმატებამ დაადასტურა, რომ ქართული კინო არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი და ის სხვა ეტაპზე გადადის.

"ეს არის არა მარტო თქვენი გამარჯვება და აღიარება, არამედ ქართული ნიჭის გამარჯვება და აღიარებაც. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ნიჭიერი ერი და ჩვენში არის დიდი პოტენციალი. ჩვენ გვაქვს ფილმის კეთების დიდი ტრადიცია. ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა მართლაც შედევრები შექმნეს. თქვენმა წარმატებამ კი დაადასტურა, რომ ქართული კინო არის არა მხოლოდ ისტორიის ნაწილი, არამედ ის გადადის სხვა ეტაპზე და ვითარდება. მინდა, მოგილოცოთ ეს წარმატება, რომელიც ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის ძალიან სასიხარულოა", - მიმართა პრემიერმა "მანდარინების" რეჟისორს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა ნიჭიერ კინორეჟისორს ფილმის გადაღების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. "ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს კინოს წარმოება არის ძალიან ძვირი და დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. აქ, რა თქმა უნდა, საჭიროა სახელმწიფოს დახმარება. მინდა, მთავრობის სახელით გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით თქვენ და ყველა იმ ნიჭიერ კინორეჟისორს, რომელიც ქმნის საქართველოსთვის საამაყო ფილმებს. დადგა დრო, რომ ქართული კინო განვითარდეს, ის ახალ ეტაპზე უნდა ავიყვანოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სასტუმრო "თბილისში მარიოტში" გამართულ ღონისძიებაზე რეჟისორები - ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი – ხელოვნების ქურუმით დაჯილდოვდნენ.