„არავითარი უხერხულობა არ შეიქმნება," - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დასახელებული ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ მისი მამა ნინო ბურჯანაძის პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წევრია.
აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურაზე კონსულტაციები „ქართულ ოცნებაში დასრულებულია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. მანამდე კი ირაკლი კობახიძე მის პარტიულ საქმიანობაზე საუბრობს.
„დასაწყისში, როდესაც შეიქმნა პარტია „ქართული ოცნება", ჩართული ვიყავი ანალიტიკურ მუშაობაში, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი ვიყავი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე. ამის შემდეგ, მქონდა მუდმივი კონსულტაციები პარტიის ხელმძღვანელ პირებთან," - აცხადებს კობახიძე.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გაიმართება „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა.