მადრიდში მედიაჰოლდინგ PRISA-ს ოფისი ევაკუირებულია. "ბი-ბი-სის" ცნობით, განგაშის მიზეზი საეჭვო ამანათი გახდა. შენობაში, რომლის ევაკუაციაც განხორციელდა, გაზეთების - El Pais, Cinco dias და El Huffington Post – ოფისებია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, საეჭვო ამანათი ოფისში უცნობმა მიიტანა.
ინციდენტი ფრანგულ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოხდა. ადგილზე სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ. შემოწმების შედეგად ამანათში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა.
პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი. საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.
სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა, როდესაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.