პოლიტიკური პარტია უნდა იყოს პარლამენტში, უნდა იბრძოდეს პოლიტიკურად, უნდა ჰქონდეს პროგრამები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გიორგი გახარიაზე საუბრისას.
„გახარია რასაც ამბობს, ამ საკითხების იდეა და შინაარსი არ არის უცხო დემოკრატიულ საზოგადოებაში, მთავარია ვინ ამბობს. გახარია, ადამიანი, რომელიც ყველაზე ეფექტური გამოდგა ნაცმოძრაობის გეგმების შესასრულებლად განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგა, რასაც უნდა განეპირობებინა ეს შეუქცევადი დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება. რადგან ეს ასე არ გამოვიდა, ახლა დაუბრუნდა იმ ფორმატს და იდეას, რითაც უნდა ვითარდებოდეს პოლიტიკური ცხოვრება და პროცესები ქვეყანაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტმა გახარიას პარტიის 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. პარალელურად, გიორგი გახარიამ თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა. მან საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა. მმართველი გუნდი ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე საუბრობს, მათ მიერ დაშვებულ პოლიტიკურ შეცდომებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ გახარიას ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ ოპოზიცია გარე კარნახით მოქმედებდა.