საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"დიდი მწუხარებით შევიტყვე იმ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ფრანგ ხალხს დღეს დაატყდა თავს. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი. საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.
სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა, როდესაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.