კრიზისების საბჭო სტიქიის ზონებში არსებულ ვითარებაზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

კრიზისების საბჭო სტიქიის ზონებში არსებულ ვითარებაზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს ზოგიერთ რეგიონში უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად განსაკუთრებულ რეჟიმში კოორდინირებულ მუშაობას განაგრძობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან აცნობეს, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების სხვადსახვა დანაყოფების და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ოპერაციები აწარმოეს. შედეგად, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს 200-მდე მოქალაქე, რომელთაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ავტომობილია დარჩენილი. შს მინისტრის გადაწყვეტილებით, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები საკვებით და პირველადი მოხმარების საგნებით უწყვეტ რეჟიმში მარაგდება.

მოცემული მომენტისთვის ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მლეთა-სტეფანწმინდის მონაკვეთზე გაჩერებულია 100-მდე სატვირთო ავტომობილი. ხდება სატვირთო ავტომობილების მძღოლების მომარაგება საკვები პროდუქტებითა და სასმელი წყლით.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგეტიკის სამინისტრო, რათა სტიქიის ზონებში არსებულ დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდოს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, გეოლოგები და ჰიდროლოგები. სპეციალისტები გუდაურში ზვავსაშიშ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან, რის საფუძველზეც მოსალოდნელი რისკები შეფასდება. გზის გაწმენდითი სამუშაოები ყველა მონაკვეთზე ხორციელდება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით და მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე. ყველა მიმართულებით მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად.