პარლამენტში ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ინფორმაცია არ აქვს, რა საქმიანობას ეწევა "როსნეფტი" ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ამის შესახებ ბესელიამ "როსნეფტის" მიერ Petrocas Energy International-ის აქციების შეძენის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ფოთის პორტი მთლიანად გადავიდა კერძო კომპანიის ხელში, მის აქციებს რამდენიმე კერძო კომპანია ფლობს, თუმცა როგორც მისთვისაა ცნობილი, აქციების საკონტროლო პაკეტი ძირითად მეპატრონეს რჩება. ბესელიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა ამ პროცესში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, შესაბამისი უწყებები მიადევნებენ თვალს, რომ ყველა გარიგება კანონის სრული დაცვით მოხდეს, ასევე დაცული იყოს ანტიმონოპოლიური სტანდარტები იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანმა სტრატეგიულმა ობიექტმა სამართლებრივ სივრცეში იფუნქციონიროს და ქვეყანას სარგებელი მოუტანოს.
"მაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავის დროზე მოხდა კორუფციული გარიგება, რომლის უკან სააკაშვილ-მერაბიშვილის კლანი იდგა. ამით ქვეყანას დიდი ზიანი მიადგა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა", - განაცხადა ბესელიამ.
Petrocas Energy International და „როსნეფტი“ ერთობლივ კომპანიას ქმნიან. „როსნეფტმა“ სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონში ერთობლივი კომპანიის შექმნის მიზნით Petrocas-ის აქციების 49-პროცენტიანი პაკეტი შეისყიდა.
სს „როსნეფტი“ რუსეთის მულტინაციონალური სანავთობო კომპანიაა, რომლის აქციების 19.75 პროცენტს სანავთობო კომპანია BP ფლობს, ხოლო აქციების 10.75-ის ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე ხდება, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე.