"მზად ვარ წარვსდგე სასამართლოს წინაშე და დავამტკიცო ჩემი სიმართლე"

საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი მომღერალ თამარ გვერდწითელის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ის ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებს.

როგორც ოქიტაშვილმა "პირWელთან" საუბარში განაცხადა, არ აქვს მნიშვნელობა გვერდწითელმა 2005 წელს თუ მის შემდეგ უმღერა რუსეთს, მისი შეფასებით, მომღერალმა ამ სიმღერით აფხაზეთში დაღუპულ გმირებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან, როგორც ოქიტაშვილი აცხადებს, ის მსგავსი განცხადებსი გაკეთებას არც სხვისი მისამართით მოერიდება, რადგან თავისი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწორად მიაჩნია.

დავით ოქიტაშვილი გვერდწითელთან ურთიერთობას შავი ლაქას უწოდებს, მისი თქმით, მას რომ სცოდნოდა, რომ გვერდწითელმა 2005 წელს ეს სიმღერა იმღერა მისი სახელობის ვარსკვლავი ნამდვილად არ გაიხსნებოდა.

"როდესაც მე ჟურნალისტმა კომენტარი მთხოვა თემა იყო, რომ 2005 წელს მას შეუსრულებია სოსო პავლიაშვილთან ერთად ეს სიმღერა, ამიტომ ამაზე მე ჟურნალისტს ვუპასუხე, რომ თუ ქალბატონმა თამარმა სოსო პავლიაშვილთან ერთად შეასრულა ეს სიმღერა, რასაკვირველია, მან შეურაცხყოფა მიაყენა აფხაზეთში დაღუპული გმირების ოჯახებს და იმ გმირ ბიჭებს. მე ამას კიდევ გავიმეორებ, 2005 წელს აფხაზეთი ჩვენი იყო? რატომ იწყება საქართველოს ისტორია რუსეთთან 2008 წლიდან? მე მზად ვარ, წარვსდგე სასამართლოს წინაშე და დავამტკიცო ჩემი სიმართლე, რატომ მიჩივის იმიტომ, რომ 2005 წელს მან რომ ეს სიმღერა იმღერა შეურაცხყოფა არ მიაყენა აფხაზეთში დაღუპულ ბიჭებს? ჩემი საკუთარი ძმაც რომ იყოს, ვინც რუსეთს უმღერებს, რომ ის არის მისი სამშობლო უარესს განცხადებებს გავაკეთებ. ჩემთვის მართლაც შავი ლაქა იყო მასთან ურთიერთობა, მე რომ მცოდნოდა, რომ მან 2005 წელს ეს სიმღერა იმღერა, გარწმუნებთ, რომ მისი სახელობის ვარსკვლავი ნამდვილად არ გაიხსნებოდა. მე ქართველ ერს ვუხდი ბოდიშს, მე ეს ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ რადგან დაიწყო მან ეს თემა, მე მზად ვარ, წარვსდგე, სადაც უნდა. მე დავაფიქსირე ჩემი აზრი. ის მე კი არ მიჩივის, ის უჩივის აფხაზეთში დაღუპულ გმირ ბიჭებს. მისი განცხადება ზუსტად ეს არის. სირცვილია, რომ საქართველოს ჰყავს მომღერალი, რომელიც დგას სცენაზე და პუტინს უმღერის",- განაცხადა ოქიტაშვილმა

შეგახსენებთ, რომ თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებს. როგორც მომღერლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სოსო პავლიაშვილთან დუეტი 2005 წელს ჩაწერილია და არა ახლა. მისივე თქმით, მის ბიოგრაფიაში ოქიტაშვილთან ურთიერთობა შავ ლაქად დარჩება.