რუსეთმა გვიან ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცე უპილოტო საფრენი აპარატებით დაარღვია. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპასუხოდ, პოლონურმა მხარემ რუსული დრონების ჩამოგდება დაიწყო. პოლონურმა მხარემ მომხდარს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის აქტი უწოდა.
მოგვიანებით პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ვარშავის საერთაშორისო აეროპორტის დროებითი დახურვის შესახებ.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. „პოლონეთის საჰაერო სივრცის მრავალჯერად დარღვევასთან დაკავშირებით ოპერაცია გრძელდება. სამხედროებმა სამიზნეების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს. მე პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები. უშუალოდ ოპერატიული სარდლობისგან პატაკი ჩავიბარე“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში.