საყდრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ”ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟით არ უნდა მიიღონ”

საყდრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ”ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟით არ უნდა მიიღონ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საყდრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟით არ უნდა მიიღონ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გუშინ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა.

"კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს. არ შეიძლება, მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით გავაკეთოთ დასკვნები. ის, რომ ამ კომპანიაში 3 000 ოჯახია დასაქმებული, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: ამ კომპანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენატანები და ბოლნისის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიის აქტიური მუშაობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით, თუ რაიმე იურიდიული საკითხები იყო მოსაგვარებელი, ამაზე იმუშავებს კულტურის, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პროცესშია ჩართული.

პრემიერი ამბობს, რომ საბოლოოდ უნდა მიიღონ გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება.

"არ შეიძლება, მხოლოდ რაღაც ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიმღები და ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი სიკეთე დაზიანდეს, როგორიც არის 3000 ოჯახის დასაქმება და მათი ბედი. მე ეს უფრო მაღელვებს. ჩემთვის რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასია თითოეული არქეოლოგიური ობიექტი, კულტურული ძეგლი, აღარ ჩამოვთვლი იმ ობიექტებს, რომელიც ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ გავარემონტეთ და აღვადგინეთ. ბრალდებები რაც მესმის, მე ვფიქრობ, მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელია, ვინაიდან ყველას შევახსენებ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 700-ზე მეტი კულტურული ძეგლია აღდგენილი საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, ეს ციფრი ყველაფერზე მეტყველებს.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მისთვის ცნობილია, რომ კომპანია RMG აპირებს მუზეუმის გაკეთებს საკუთარი ხარჯებით და იმ ადგილას მოპოვებული არქეოლოგიური ნივთები ამ მუზეუმში იქნება გადატანილი.