მოლაშვილი სამართლებრივ პროცედურებს მას შემდეგ დაიწყებს, რაც კუბლაშვილი უზენაეს სასამართლოს დატოვებს

მოლაშვილი სამართლებრივ პროცედურებს მას შემდეგ დაიწყებს, რაც კუბლაშვილი უზენაეს სასამართლოს დატოვებს

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში სამართლებრივი პროცედურების დაწყებას მას შემდეგ აპირებს, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი აღარ იქნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მოლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია კონსტანტინე კუბლაშვილის მიმართ იმპიჩმენტის გამოცხადება.

"უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადასტურება კუბლაშვილის იმპიჩმენტისთვის სრულიად საკმარისია. როგორც ვიცით, პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა კონსტიტუციური ფიგურები შეიძლება გადააყენო იმპიჩმენტით თუ ადგილი აქვს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ევროსასამართლო ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დაარღვია ევროპული კონვენცია და ასევე საქართველოს კონსტიტუციის ნაწილი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციას აღიარებს. თუკი ეს დარღვევები არსებობს, ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.

მისივე თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოში გარკვეული სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. კერძოდ, როგორც მოლაშვილმა აღნიშნა, ის უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა პროკურატურაში, სადაც პროკურორებს ახსნა-განმარტებები მისცა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც მოლაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლის დასაწყისში იგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა  კომიტეტში სიტყვით გამოვა, სადაც მისი საქმის ირგვლივ ისაუბრებს.

მოლაშვილის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ საქმის ხელახალი გადახედვისა და გამოძიების პარალელურად, პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით გეგმებზე მედიას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწოდებს.