იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის პროკურატურის რეფორმის პროცესში ჩართვას დადებითად აფასებს.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ კანონი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა, თავიდანვე საჭიროებდა შესწორებებს.
„მიხარია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მოისურვა პროკურატურის ორგანოების რეფორმაზე მუშაობა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რადგანაც, როცა როცა ის იყო მთავარი პროკურორი, ჩემი გადასახედიდან არასწორ კანონს უჭერდა მხარს, რომელიც მისი ინიციატივით იყო ბევრნაწილად მიღებული 2013 წლის მაისში. კარგია, რომ მას რეფორმატორულ პროცესში სურს ჩართვა. ჩვენ მას ვიწვევთ 27 დეკემბერს იმ სხდომაზე, რომელზეც პრემიერის დავალებით, მთავრობა იმუშავებს არასამთავრობოებთან ერთად. მე იმედი მაქვს, რომ ბატონი არჩილი ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა წულუკიანმა
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ევროპული არჩევანის" დამფუძნებელმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პროკურატურის რეფორმის მიზნით სამუშაო ჯგუფში ჩასართავად მზადყოფნა გამოთქვა.
კბილაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესსაც სთავაზობს.
პროკურატურის რეფორმის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გასულ კვირას გააკეთა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.