თუ ჩვენ ჩავშალეთ კოკა ყანდიაშვილის პროექტი, ვფიქრობ, ჩვენმა პროტესტმა შედეგი გამოიღო

თუ ჩვენ ჩავშალეთ კოკა ყანდიაშვილის პროექტი, ვფიქრობ, ჩვენმა პროტესტმა შედეგი გამოიღო

ჟურნალისტები, რომლებმაც ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს, თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა პროდიუსერმა, სოფო კვინტრაძემ განაცხადა, ორი დღის წინ გამართულ თათბირზე მათ უთხრეს, რომ ეთერიდან მოიხსნებოდა ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა "მაესტროს ცხრიანი", რადგან არხზე კოკა ყანდიაშვილის გადაცემა - "ლაპარაკობს თბილისი" უნდა გასულიყო.

კვინტრაძის განცხადებით, თათბირზე მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია, რომ კოკა ყანდიაშვილი უკვე ერევა "მაესტროს" მენეჯმენტში, მასთან ერთად იგეგმება არხის ბადე 2015 წლისთვის, მასთან ერთად ხდება დაგეგმვა არხის პრომოუშენის, ზრუნვა არხის მარკეტინგზე, რეკლამებზე და ა.შ.

"ეს არ არის მენეჯმენტში ჩარევა? ამაზე მნიშვნელოვანი რა ხდება ტელევიზიაში, ვიდრე პრომოუშენი, ბადე და მარკეტინგია? ამ ყველაფერში ის კონსულტანტის, თუ სხვა სტატუსით მონაწილეობდა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ფაქტია, გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ ის ამაში ერეოდა", - განაცხადა კვინტრაძემ.

რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას, არხიდან წასული თანამშრომლების განცხადებით, ეს მათ ყველაზე მეტად აშფოთებდათ და ეს კითხვები დასვეს.

"განგვიმარტეს, რომ მოხდება არხის რეორგანიზაცია. ნიუსი, დილის გადაცემა, ბიზნესკონტაქტი და კოკა ყანდიაშვილის გადაცემა ერთობლივი, ინტეგრირებული სახით ჩამოყალიბდებოდა", - აღნიშნა კვინტრაძემ.

მისივე თქმით, თუ დღეს საუბრობენ იმაზე, რომ კოკა ყანდიაშვილის გადაცემა "მაესტროზე" აღარ იქნება და ეს პროექტი ჩაიშალა, ძალიან კარგი იქნება. "თუ ჩვენ ჩავშალეთ ეს პროექტი, მე ვფიქრობ, ჩვენმა პროტესტმა შედეგი გამოიღო", -განაცხადა ყოფილმა პროდიუსერმა.

არხის ყოფილმა თანამშრომლებმა დღესვე მინიშნება გააკეთეს არხის ხელმძღვანელობის შესაძლო პრორუსულ კურსზე.

როგორც კვინტრაძემ აღნიშნა, თათბირზე ითქვა ტერმინი "პროქართული კურსი", რაც გაუგებარია.

"პირველ რიგში, როდესაც საუბარია, რომ მედიაკომპანია რაიმე იდეოლოგიის გამტარებელი უნდა იყოს, ეს უკვე თავისთავად არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის ერთგვარი შენიღბვა, შირმა, ტერმინი "პრორუსული" არ თქვან და ამის ნაცვლად ამბობს "პროქართულს", - განაცხადა კვინტრაძემ.

"მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელმა, ნინო ჟიჟილაშვილმა კი განაცხადა, რომ 11 დეკემბერს ყველა უნივერსიტეტს დაეგზავნა წერილი, სადაც საუბარი იყო, რომ "მაესტრო" მუშაობს ახალ პოლიტიკურ-სოციალურ თოქ-შოუზე "ლაპარაკობს თბილისი". ეს წერილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს, სადაც საუბარია, რომ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი იქნებოდა კოკა ყანდიაშვილი.

"იქმნება საგანმანათლებლო დაწესებულებების და აკადემიური პერსონალის ბაზა, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე იგეგმება უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და იქ მომუშავე მეცნიერ-თანამშრომლების მეტი ჩართულობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე განსხვავებული თემების განხილვაში", - ნათქვამია წერილში, რომელიც დღევანდელი პრესკონფერენციაზე გავრცელდა.