როგორც გოჩა რატიანმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ამ მომენტისთვის მას დამატებით არაფრის თქმა შეუძლია.
„თავდაცვის სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა. ეს არის ის, რა განმარტებაც ბატონმა ლევან ღირსიაშვილმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა. დღესდღეობით ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ გეტყვით“, - აღნიშნა რატიანმა.
პარლამენტში სხდომა ამჟამად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დეპუტატები იმ მოვლენებთან დაკავშირებით უსვამენ კითხვებს, რომელიც სამინისტროს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარდა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მომხდარზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა. მოგვიანებით სამინისტრომ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ეს განცხადება იყო შეცდომა, რომელსაც უწყება აღიარებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მისივე თქმით, განცხადების ტექსტი თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესთან შეთანხმებული არ ყოფილა, რადგან ის 20 დეკემბერს სამუშაო ადგილზე არ იყო.