სერგეი ლავროვმა უკრაინა ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების გამო გააკრიტიკა

სერგეი ლავროვმა უკრაინა ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების გამო გააკრიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინა, უმაღლესი რადას მიერ ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების გამო, მკაცრად გააკრიტიკა.

სერგეი ლავროვის თქმით, ეს უკრაინის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ კურსი კონტრპროდუქტიულია.

"ეს კიდევ უფრო მეტ კონფრონტაციას გამოიწვევს, შექმნის ილუზიას, რომ ასეთი კანონების მიღებით შესაძლებელია უკრაინაში არსებული ღრმა შიდა კრიზისის მოგვარება", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინის რადამ დღეს ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსი გააუქმა. როგორც რადაში კანონპროექტის კენჭისყრამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბლოკგარეშე სტატუსმა ვერ უზრუნველყო ქვეყნის უსაფრთხოება. პოროშენკოს განცხადებით, ამისთვის საჭიროა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების კურსს დაადგეს.

უკრაინის უმაღლესმა რადამ 2010 წლის 1 ივლისს მიიღო კანონი "საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრინციპების" შესახებ, რომელიც ბლოკგარეშე სტატუსს ითვალისწინებდა, რაც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში გაწევრიანებაზე, კონკრეტულად ნატო-ში ინტეგრაციას უარს გულისხმობს.