სახალხო დამცველი შს მინისტრს მიმართავს

სახალხო დამცველი შს მინისტრს მიმართავს

სახალხო დამცველი შს მინისტრს მოუწოდებს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა მიერ კანონით განსაზღვრული მექანიზმების გამოყენების საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას მსხვერპლთა დაცვა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევების პრევენცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ომბუდსმენმა შს მინისტრს ასევე მოუწოდა, რომ უფლებამოსილ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ განემარტოთ საკითხის სენსიტიურობა, რათა ყველა ზომა იქნას გამოყენებული საქართველოში ოჯახში ძალადობის საგანგაშო ტენდენციის შესაჩერებლად.

"არაერთი მოწოდების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი რიგი შემთხვევებიდან იკვეთება, რომ ხელწერილის გამოყენება კვლავ გრძელდება. ასეთ ფორმას კი საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია", - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიმართვაში.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ხელწერილი ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის ეფექტურ დაცვას, რადგან არ აქვს ის სამართლებრივი თანმდევი შედეგები, რაც მსხვერპლთა დაცვისათვის შემაკავებელ ორდერს გააჩნია. ასევე, ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციას ან, მომხდარის შემთხვევაში, მოძალადის პასუხისმგებლობის დაყენებას.