თბილისში ძირითადი საახალწლო ღონისძიებები რიყეზე გაიმართება

თბილისში ძირითადი საახალწლო ღონისძიებები რიყეზე გაიმართება

ძირითადი საახალწლო ღონისძიებები რიყეზე გაიმართება. გალა-კონცერტი 31 დეკემბრს, ევროპის მოედანზე გაიმართება, რომელიც 21:30 საათიდან დაიწყება და ღამის 3 საათამდე გაგრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ განუცხადა, გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მომღერლები.

მისივე თქმით, ევროპის მოედანზე ორი სცენა დამონტაჟდება. რიყის პარკში 25 დეკემბრიდან დაგეგმილი ღონისძიებები გაიხსნება. კერძოდ, გაიხსნება ყველა ჯიხური, რომელშიც გაიყიდება საახალწლო ნობათი, იფუნქციონირებს ყინულის მოედანი. მაქაცარიას თქმით, ერთი თოვლის ბაბუა რიყის პარკში, მეორე კი, მთაწმინდის პარკში დაიდებს ბინას და იქ დახვდება ბავშვებს საჩუქრებით.

რიყის პარკში საახალწლო მზადება დასკვნით ფაზაში შევიდა. დაიწყო ვერცხლისფერი ნაძვის ხეების მორთვა. ნაძვის ხეები ბავშვებმა თავისი სათამაშოებით მორთეს.

საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობას ია მაქაცარიასთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.