სოფელ კაჭრეთში საზოგადოებრივი ცენტრი ამოქმედდა

სოფელ კაჭრეთში საზოგადოებრივი ცენტრი ამოქმედდა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, სოფელ კაჭრეთში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ღონისძიების გახსნას დაესწრნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, შიო ხეცურიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემთ.

უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში კაჭრეთის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან. საზოგადოებრივი ცენტრი აღჭურვილია უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით.