საგარეო უწყება მეგობარ ქვეყნებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის

საგარეო უწყება მეგობარ ქვეყნებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეგობარ ქვეყნებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გაეროს უშიშროების საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ასევე ლატვიის, ავსტრალიის და აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლებმა.

"კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მადლობა გადავუხადო. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ამით არაფერი არ მთავრდება. მუშაობა გრძელდება, ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ იმისკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დროული, სწორი ინფორმაცია მიეწოდოს ყველა ფორმატში", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გამოხატულება.

"ეს არის დაგმობა იმ უკანონო ხელშეკრულების და იმ უკანონობის, რასაც რუსეთი ჩადის ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის საკითხს, როგორც დავით კერესელიძემ აღნიშნა, ამ თემაზე ქართული მხარე მუშაობას აგრძელებს.