პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადება, საპარლამენტო კომიტეტების დღევანდელ სხდომაზე განხილვის და დებატების საგნად არ უნდა იქცეს. ირაკლი სესიაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, პირველ რიგში გარდაცვლილის ხსოვნას მიაგონ პატივი.
"ჩემს კოლეგებს მინდა მოვუწოდო, პირველ რიგში, პატივი მივაგოთ გარდაცვლილ გმირ ვაჟკაცს, რომელმაც სიცოცხლე თავისუფლებისათვის ბრძოლას შესწირა. ამიტომ, სანამ ამ ღირსეულ ადამიანს ქართულ მიწას პატივით არ მივაბარებთ, მანამდე ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულირება შეურაცხმყოფელია და მანიშნებელია იმისა, რომ ვიღაცას მომენტის გამოყენება სურს. არაეთიკური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ არის დამაზიანებელი თავდაცვის სამინისტროსთვის, ჯარისკაცებისათვის. ის რა შეცდომაც დაუშვა თავდაცვის სამინისტრომ, როცა თემის პოლიტიზირება მოახდინა, თემის ზედმეტად პოლიტიზირებას უკვე პოლიტიკოსები ცდილობენ, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა.
დღეს პარლამენტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანი მიდის. მან საპარლამენტო კომიტეტებს ავღანეთის ახალ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით სარატიფიკაციო დოკუმენტი უნდა წარუდგინოს. თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია მისთვის კითხვების დასმას თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აპირებს. სარატიფიკაციო დოკუმენტის განხილვა დაგეგმილია პარლამენტის იურიდიულ, საგარეო ურთიერთობასთან და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, შემდეგ კი აღნიშნულ დოკუმენტზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იმსჯელებენ.
20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.