მთავარი პროკურორი იქნება, თუ სხვა ხელმძღვანელი პროკურორი, საზოგადოებას უნდა ესაუბრონ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ევროპული არჩევანის" დამფუძნებელმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა. კონცეფცია, სხვა საკითხებთან ერთად, პროკურატურის ანგარიშვალდებულების თემასაც მოიცავს.
არჩილ კბილაშვილის განმარტებით, პირდაპირი მნიშვნელობით, პროკურორი და პროკურატურა არავის წინაშე არ შეიძლება იყოს ანგარიშვალდებული.
მისი თქმით, ეს ანგარიშვალდებულება ფორმალურად და სამართლებრივად სასამართლოში რეალიზდება, როდესაც პროკურატურას საქმე მიაქვს, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს, იწონებს ან იწუნებს პროკურატურის პოზიციას. კბილაშვილის განმარტებით, ეს არის კლასიკური კონტროლი. რაც შეეხება სხვაგვარ კონტროლს, ყოფილი მთავარი პროკურორის მოსაზრებით, რეალურად უნდა განხორციელდეს პარლამენტის კონტროლი.
"ეს განა იმას ნიშნავს, რომ პროკურორმა კონკრეტული საქმეების შესახებ ინფორმაცია პარლამენტს მიუტანოს, არამედ მინიმუმ წელიწადში ერთხელ წარედგინოს ინფორმაცია, რა ხდება დანაშაულთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა კანონში ცვლილების შეტანის გზით, მიიღოს გადაწყვეტილებები. ასევე უნდა იყოს
მთავრობისა და პრეზიდენტის ინფორმირება. მათ უნდა იცოდნენ, ქვეყანაში რა ტენდენციებია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში პროკურორმა არც ერთი საქმის შესახებ არავის ინფორმაცია არ უნდა მიაწოდოს. ეს აკრძალვაა. ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი ფორმაა გამჭვირვალობა. მთავარი პროკურორი იქნება, თუ სხვა ხელმძღვანელი პროკურორები, საზოგადოებას უნდა ესაუბრონ. განა ის უნდა უთხრან, კონკრეტულად რა საქმეს იძიებს და როგორია იმ საქმის შინაარსი, არამედ, რა გამოწვევები არის. მაგალითად, თუ იზრდება ნარკოტიკული დანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში და გამკაცრებას საჭიროებს, მთავარი პროკურორის მიერ საზოგადოებას უნდა ეთქვას, რომ ამ მოძალებული საფრთხის გამო, ჩვენ ვაპირებთ მკაცრი პოზიცია დავიკავოთ ნარკოტიკულ დანაშაულზე. ამ ტიპის კომუნიკაცია აუცილებელია", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.