"საქართველოს ევროპული არჩევანის" დამფუძნებლის, ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მოსაზრებით, მთავარია, პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა იყოს მიღწეული.
ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას მართავს.
მისი თქმით, აღნიშნული კონცეფცია მოიცავს პროკურატურის გარდაქმნისათვის საჭირო ღონისძიებებს. კერძოდ, არჩილ კბილაშვილის განმარტებით, კონცეფცია ეხება პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და მის დაცვას პოლიტიკური საფრთხეებისგან. კონცეფცია მოიცავს როგორც მთავარი, ასევე რიგითი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესებს. პროკურატურის ორგანოებს შორის ფუნქციათა სწორ გამიჯვნას, პროკურატურაში გამოძიების ადგილს, პროკურორის დისკრეციის საკითხებს, პროკურატურის ანგარიშვალდებულების საკითხებს.
არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პრაქტიკულად ყველა სფერო, სადაც პროკურატურა საქმიანობს, აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, საჭიროებს გარდაქმნას, შეცვლასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
"ყველა აღნიშნული საკითხი პრობლემატურია, მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიღწეული იყოს პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა, რათა ის დაცული იყოს პოლიტიკური ზეგავლენისგან, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალებისგან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც პროკურატურას გააჩნია", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა საფრთხე პოლიტიკური ზემოქმედებისა, არჩილ კბილაშვილმა უპასუხა, რომ რასაკვირველია, კანონით არის ეს საფრთხე.
"ჩვენ არ განვიხილავთ როგორ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს კონკრეტული ადამიანები, ჩვენ ვხედავთ კანონში ჩანაწერს, რომ როდესაც პროკურატურის პირველი პირი ინიშნება და თავისუფლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მიერ. ეს წესი არ არის სტანდარტების შესაბამისი და ბუნებრივად, წარმოშობს ასეთ საფრთხეს. რაოდენ კარგი პრემიერი, ან რაოდენ კარგი პროკურორიც უნდა გვყავდეს, ეს ერთ-ერთი შესასწორებელი წესია, რომელზეც ჩვენ შენიშვნას გამოვთქვამთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარია, დამოკიდებულება პროკურატურასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებს შორის, აქ, ძალთა ბალანსი, სწორი კოორდინაციის მიღწევაა საჭირო.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია რათა პროკურატურამ რეალურად განახორციელოს ზედამხედველობა ყველა გამოძიებაზე.
კონცეფციის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გრძელდება, მას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.