"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, თავდაცვის უწყებაში პრობლემასა და ხარვეზზე ისაუბრონ

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, თავდაცვის უწყებაში პრობლემასა და ხარვეზზე ისაუბრონ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ აღნიშნა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვის მინისტრია გასამართლებული ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი მოქმედების ბრალდებით, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობას" არ აქვს მორალური უფლება, თავდაცვის სამინისტროს მისამართით რაიმე პრეტენზიას და ბრალდებებს გამოხატავდნენ.

ამასთან, როგორც ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ უწყებამ გამოაქვეყნა, მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა შიდა უწყების სივრცეში კორდინაციის პრობლემას, გარკვეულ ხარვეზს, რაც გამოსწორდება და ამის გამო მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს.

"ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ნებისმიერი უწყების და მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსი, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გაკეთდა საჭირო განმარტება. გაირკვა, რომ განცხადება არ იყო შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, განცხადება არ იყო სამინისტროს პირველი პირების პოზიცია, რაც ნიშნავს, რომ შიდა უწყების სივრცეში კოორდინაციის, თუ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემა არის. ამას სჭირდება გამოსწორება, რაზეც სამინისტრო აუცილებლად იზრუნებს, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სწორად არ მიმაჩნია. შჯობს, საკითხზე დასრულდეს დებატები, განსაკუთრებით კი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომელიც ყველა თემას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. არ მგონია, რომ მათ ბრალდებებს უნდა გაეცეს პასუხი, განსაკუთრებით როდესაც მათი ხელისუფლების პირობებში იყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც გასამართლებულია წამებისა და ადამიანების არაადამიანური მოპყრობისათვის, მათ პრობლემაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ, - აცხადებს ეკა ბესელია.