არჩილ კბილაშვილი ხელისუფლებას მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს სთავაზობს

არჩილ კბილაშვილი ხელისუფლებას მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს სთავაზობს

ჩემი აზრით, მთავარი პროკურორის დანიშვნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ, საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტმა და პარლამენტმა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ევროპული არჩევანის" დამფუძნებელმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ყოფილი მთავარი პროკურორი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას მართავს.

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის დანიშვნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ, ხოლო მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს იმპიჩმენტის პროცედურით ისე, როგორც ეს არის დადგენილი უზენაესი სასამართლოს წევრისათვის.

"ხოლო რაც შეეხება რიგით პროკურორს, იქ არის დისციპლინური წარმოების წესები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, როდესაც რიგითი პროკურორი არ უნდა გახდეს მთავარი პროკურორის შეხედულების მსხვერპლი. პრაქტიკა მოწმობს, სტატისტიკა ვნახეთ, 2012, 2014 წლებში, 97 პროკურორი და გამომძიებელია საკუთარი განცხადებით წასული სისტემიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად დისციპლინური საქმის წარმოება არ მუშაობს და პროკურორს არ აქვს საშუალება დაიცვას თავი წარმოდგენილი მოთხოვნისგან, ეს უნდა შეიცვალოს", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას საბჭო დისციპლინური, კოლეგიური ორგანო, რომელიც განიხილავს საჩივარს, სადაც პროკურორს უფლება ექნება, დაიცვას თავის თავი.

საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.