"თავისუფალი დემოკრატები" და "ნაციონალური მოძრაობა" საყდრისის საკითხზე კონსულტაციას მართავენ

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს თემაზე "თავისუფალი დემოკრატების" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კონსულტაციას მართავენ.

ისინი პოზიციების შეჯერებას, პარლამენტისთვის ერთიანი წინადადების შეთავაზებას ცდილობენ. კერძოდ, გასულ კვირას "თავისუფალმა დემოკრატებმა" დაარეგისტრირეს წინადადება საყდრისთან დაკავშირებული მოვლენების თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ანალოგიური შინაარსის წინადადებით პარლამენტს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც მიმართეს. შესაბამისად, პარლამენტის დღის წესრიგში ერთსა და იმავე თემაზე ორი პოლიტიკური ძალის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წინადადება დგას.

პარლამენტის ბიურომ "თავისუფალ დემოკრატებს" და "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა თხოვნით, რომ საკითხზე ერთიან წინადადებაზე შეჯერდნენ. სწორედ ამასთან დაკავშირებით, "თავისუფალი დემოკრატების" სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს კონსულტაცია, რომელშიც მონაწილეობენ "თავისუფალი დემოკრატებიდან" ირაკლი ჩიქოვანი და ნინო გოგუაძე, ხოლო "ნაციონალური მოძრაობიდან" სერგო რატიანი და ჩიორა თაქთაქიშვილი.