გაერო-ს უშიშროების საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრაზე, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს სხვა მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ბოლო დროინდელი ქმედებები დაგმო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენლის, ლაიალ გრანტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. "შეთანხმება" მოსკოვის მხრიდან მისი მეზობელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში "სისტემატიური ჩარევის" ნაწილია.
"რუსეთსა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი "ხელშეკრულება" კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ის, რისი მოწმენიც მთელი წლის განმავლობაში ვიყავით, არის რუსეთის სტანდარტული პოლიტიკის ნაწილი, სისტემატიურად ჩაერიოს თავისი მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში და ხელყოს მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მსოფლიომ ხმა უნდა აიმაღლოს, როცა ქვეყანა ასე უხეშად არღვევს საერთაშორისო საზღვრებსა და ნორმებს; ამასთან, საბჭო უნდა იყოს ამ ნორმების დამცველი, როცა საქმე ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც გაერო-ს წესდებითაა გათვალისწინებული", - განაცხადა უშიშროების საბჭოს დახურულ შეხვედრაზე გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.
მისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დეკემბრის სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება ასევე გაავრცელა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოს დემოკრატიულობასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის და აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან განხორციელებული ღონისძიებები აღქმული უნდა იყოს, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია.
"ლიტვა უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის მცდელობით, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რუსეთსა აფხაზეთის რეგიონს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება ძირს უთხრის კონფლიქტის გადაწყვეტის ისეთი გზების მოძიებას, რომელიც დამყარებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მსგავსი სცენარი განმეორებული იქნება ცხინვალის რეგიონშიც", - ნათქვამია ლიტვის წარმომადგენლობის განცხადებაში.