ეროვნული უმცირესობების საბჭოს მონიტორინგის შედეგები გასული წლებისგან დიდად არ განსხვავდება

ეროვნული უმცირესობების საბჭოს მონიტორინგის შედეგები გასული წლებისგან დიდად არ განსხვავდება

საქართველოს სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

მონიტორინგის ანგარიში მოიცავს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებას და ეროვნული უმცირესობების საბჭოს რეკომენდაციებს. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ამგვარ მონიტორინგს ყოველწლიურად ატარებს. მისი მიზანია სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შეფასება, წარმატებებისა და გამოწვევების გამოვლენა და ამ სფეროში ვითარების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მიმდინარე წლის მანძილზე საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები, დარგის ექსპერტებთან ერთად, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებდნენ და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ამზადებდნენ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებებისადმი. ანგარიში მოიცავს მონიტორინგის შედეგებს 4 მიმართულებით: განათლება და სახელმწიფო ენა; კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება; მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; კანონის უზენაესობა, სოციალური, რეგიონული და პოლიტიკური ინტეგრაცია.

"საბჭოს მონიტორინგის ჯგუფმა 140-ზე მეტი შეხვედრა გამართა საქართველოს ქალაქებში, რეგიონებსა და სოფლებში ცენტრალურ და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებთან. მონიტორინგის შედეგები დიდად არ განსხვავდება გასული წლებისგან. კვლავ პრობლემად რჩება ეროვნული უმცირესობების ინფორმირების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განათლების ხელმისაწვდომობის და სხვა მრავალი საკითხი", – განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ.       

საბჭოს წევრებთან ერთად პრეზენტაციები წარმოადგინეს დარგის ექსპერტებმა: დენოლა ჩხარტიშვილმა, კახა გაბუნიამ, ეკა ჭითანავა და ქეთევან მსხილაძემ.

ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაერო-ს ასოციაციის (UNAG) პროექტის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა.