რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. შეთანხმება იანვრის ბოლომდე მომზადდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომელიც ვიზიტით ცხინვალში იმყოფება. სურკოვის თქმით, აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაცია დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
"რა თქმა უნდა, რუსეთს ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას, რაც განპირობებულია სანქციების რეჟიმით, მაგრამ მზად ვართ, მომავალი თანამშრომლობისა და დაფინანსების გაზრდისთვის", - განაცხადა სურკოვმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედი ხელისუფლება ყველაზე ეფექტურად მუშაობს.
"ეს პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც შეასრულა ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო. ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე საინვესტიციო პროგრამების 100%-იან შესრულებაზე გავალთ", - განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა.