ქართლოს კასრაძის შურისძიება

ქართლოს კასრაძის შურისძიება

ქართველები თავისებური წეს-ჩვეულების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში არაერთხელ ვვარდებით. დღევანდელი წერილი ჩვენი თანამემამულეების საზღვარგარეთულ თავგადასავლებს შეეხება.

 

თავდაპირველად პოლიტიკოსებით დავიწყოთ და სიტყვა ბატონ რომან გოცირიძეს გადავცეთ.

 

“ამერიკაში, მსოფლიო ბანკში ყოფნისას, სამეცნიერო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების ერთი მაღალი თანამდებობის პირიც ესწრებოდა. კონფერენციის შემდეგ რესტორანში დავსხედით და პატარა რომ შეთვრა, საყვედურით მეკითხება:

 

- რომან, რას გადაეკიდეთ ამ ავთანდილ მარგიანს, იცით, რა კაცია?! ისეთ ლექსებს წერს, ისეთს, რომ ვკითხულობ, ვტირი!

- ლექსებს წერს? – გავიკვირვე.

- ჰო, ლექსებს. ძალიან ნიჭიერი პოეტი ყოფილა.

- იქნებ რამე წამიკითხო? – ვთხოვე.

- მაგაზე გაწყენინებ? – ჩაახველა ხმის გასაწმენდად.

 

მოკლედ, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! ლექსებია, მეც და სუფრის სხვა წევრებიც სადაცაა ცრემლებად დავიღვრებით. შოკირებული ვარ! მეუღლეც მახლდა და ქეიფის შემდეგ ღიმილით მეკითხება:

 

- რაო, მოგეწონა რევაზ მარგიანის ლექსები?

 

სირცხვილისაგან გავწითლდი. მე კი გავიგე, მაგრამ იმას, მგონი დღემდე სჯერა, რომ ავთანდილ მარგიანი ლექსებს სწერს.”

 

შემდეგი ისტორიის მთავარი გმირი ქალბატონი გუგული მაღრაძეა.

 

“ამერიკაში ხშირად მიწევდა ჩასვლა. ხუთწლიანი კონტრაქტიც მქონდა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან და ერთობლივ პროექტებზე ვმუშაობდით. ბუნებით ძალიან კონტაქტური ვარ და ჩასვლის დღესვე მეზობლების ნახევარი გავიცანი. ამერიკელები გულწრფელი ხალხია, მაგრამ ჩაკეტილი ცხოვრება მოსწონთ. ერთი სენატორის ოჯახს დავუახლოვდი, კარგი ურთიერთობა გვქონდა.

 

ბოლოს ვაშინგტონში მეგობრებთან ერთად მომიწია ჩასვლა. მივედი ჩემს უბანში და გაგიჟდნენ იმდენი ხალხი მესალმებოდა. ზოგი მაღაზიიდან გამოვარდა, ზოგმა აივნიდან გადმოიხედა. გაოცებული სახეებით მომდევენ და ამ დროს სენატორიც გამოჩნდა. მივესალმეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ და გახარებული მეუბნება:

 

- კარგ დროს ჩამოხვედით, ჩემს გვერდზე რომ მეზობელია, რაღაც საქმე მაქვს და მითხარით, რა ჰქვია?”

 

ამერიკიდან ევროპა-აზიაში დავბრუნდეთ და სიტყვა ცნობილ ქართველ კონფერანსიეს, ქართლოს კასრაძეს გადავცეთ, რომელსაც საკუთარი საგასტროლო მოგზაურობების გახსენება ძალიან უყვარდა.

 

“საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი გასტროლებზე – ვლადივოსტოკიდან ტალინამდე და ტაშკენტიდან იაკუტიამდე. ევროპაც შემოვლილი მაქვს. ფინეთში ფინურად მიმყავდა კონცერტი, დანიაში – დანიურად, შვედეთში – შვედურად, ჰოლანდიაში – ჰოლანდიურად. ერთხელ ცხინვალში ოსურად დავიწყე და ხელები გადაიტყავეს ტაშისკვრით ოსებმა.

 

ამ მოგზაურობების დროს შიგადაშიგ ლექსებსაც ვწერდი. სამარყანდში ყოფნისას, თემურ-ლენგის საფლავი ვინახულეთ და ასეთი სტრიქონები დავწერე:

 

სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი...

ლანგ-თემურო, ხომ მოვედი სამარხამდი

ამ ქვაზე რომ კოჭლი ფეხით აბიჯებდი,

ქართველები ჩამოვედით – რა ბიჭები!

სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი,

ლანგ-თემურო, ხელმეორედ დაგმარხავდი!”

 

ქართველი პაროდისტი ბიძინა მახარაძე ერთხელ მოსკოვში “მცირე გაუგებრობაში” მოჰყვა:

 

“მაშინ ანსამბლ “რეროში” ვმოღვაწეობდი. “რეროს” ხელმძღვანელობდა ლეგენდარული მაესტრო პევზნერი, უნიჭიერესი ბერძენი მოღვაწე.

 

- ბიძინა, მაღარიჩი შენზეა, - მეუბნება ერთ დღეს – მოსკოვიდან დამირეკეს “იუმორინაში” ხარ მიწვეული და ხვალ იქ უნდა იყო, სასწრაფოდ უნდა გაფრინდე.

 

სად იყო ფიქრის დრო? მოვწესრიგდი, ჩავჯექი თვითმფრინავში და შუადღისას მოსკოვში ჩავფრინდი. ახლა. ორკესტრით და ზარ-ზეიმით აეროპორტში არ დამხვედრიან, მაგრამ დანიშნულების ადგილზე, როგორც კი ვთქვი ჩემი გვარი, ყველა აღფრთოვანდა.

 

- კაკ ვი ხარაშო ვიგლიადიტე, - ერთმა მითხრა.

- ბოდიში, ბატონო, გვაპატიე, აეროპორტში მანქანა ვერ დაგახვედრეთ, - მითხრა მეორე რუსმა.

- როგორ გაახალგაზრდავებულა, სულ პატარა ბიჭივითაა, - ერთმა ლამაზმანმა უჩურჩულა მეორეს, მაგრამ ხმამაღლა მოუვიდა და მე გავიგონე.

- აბა, რა გგონია, გენაცვალე, შენ?! – ასეთია საქართველოს ბუნება, ხალხი დაბერების მაგივრად, ახალგაზრდავდება, ამიტომ იკლავს თავს ყველა საქართველოში მოხვედრაზე.

 

ერთი სიტყვით, ყურადღების ცენტრში ვარ, აღარ ვიცი, სიხარული როგორ გამოვხატო? ეს რა ვყოფილვარ, თურმე, და რა შტერი ვარ, ამდენ ხანს ვერ ვხვდებოდი-მეთქი. “მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვინმეს, განა?!” – მობრძანდა ღონისძიების მთავარი რეჟისორი და ზედაც არ მიყურებს, თან გაღიზიანებული ტონით ელაპარაკება ასისტენტს.

 

- ა გდე მახარადზე?

- ვოტ, მახარადზე, - ანიშნა თითით ჩემზე ასისტენტმა.

- ვი კტო? – მომიბრუნდა რეჟისორი.

- ია, მახარაძე, - ვთქვი ალალად.

- კაკოი ეშჩო მახარადზე?

- ბიდ-ზი-ნა! – დავუმარცვლე ჯარისკაცის მამასავით. რეჟისორს წაქცევა ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ ჯერ გული არ მისდის და ისე ხომ არ წაიქცევა?

- ა გდე კოტე?

- კაკოი კოტე?

- ია პევზნერუ ზვანილ, ჩტობ ონ პრისლალ კოტე მახარაძე.

 

თურმე თეატრში მიწვეული ჰყოლიათ რუსი სპორტული კომენტატორი ოზეროვი, რომელსაც პაროდიული სპორტულ-იუმორისტული ნომერი ჰქონია. ოზეროვი სასწრაფოდ საზღვარგარეთ გაფრენილა და მისი კოტე მახარაძით ჩანაცვლება მოუნდომებიათ. ის რეჟისორი პევზნერის ახლობელი ყოფილა, მისთვის დაურეკავს, მახარაძე გამომიგზავნეო. ამას კიდევ, ჩემზე უფიქრია. ეჰ, რას იზამ? მოსკოვი ხომ მოვინახულე... თუმცა, მაინც მომისმინეს და მის მერე ბევრი რუსი პაროდისტი ჩამოვიტოვე უკან”.

 

დღევანდელ მოგონებებს კი პუბლიცისტი დემიკო ლოლაძის ერთი სევდიანი მოგონებით დავასრულებთ.

 

“1959 წელს თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდი საფრანგეთს ეწვია და რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მოთამაშეები პარიზის “მეტროპოლის” სასტუმროში დაბინავდნენ. გაიგეს ქართველმა ემიგრანტებმა მათი ადგილსამყოფელი, მივიდნენ სანახავად.

 

ბატონი ანდრო ჟორდანია ნომრიდან არ გამოდიოდა. მრავალჯერ გადაურჩა რეპრესიებს, ძალიან ფრთხილობდა. იმ დროს “დინამოს” უშიშროების თანამშრომლების გარეშე უცხოეთში არ უშვებდნენ. ბოლოს, თავად ემიგრანტებმა მოინდომეს ბატონ ანდროსთან შეხვედრა. ეს ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც გამარჯვება რესტორანში აღინიშნა.

 

ჟორდანია გამოსულა ნომრიდან, ჩასულა რესტორანში, მაგრამ ჩვეულ სიფრთხილეს არ ივიწყებდა. უნდოდა შეუმჩნევლად დამჯდარიყო თავის მაგიდასთან და კედელ-კედელ, ფეხაკრეფით მიდიოდა. მაგრამ ემიგრანტებს რას გამოაპარებ! თურმე ერთმა ნათესავმა ემიგრანტმა მთელი დარბაზის გასაგონად დაუყვირა: “ფრთხილად, ანდრო, ფრთხილად! კედელს თავი არ დაარტყა!”

 

მთელი რესტორანი ოვაციებით შეხვედრია ამ დიდებულ პიროვნებას”.