ვარსკვლავთა თილისმები

ვარსკვლავთა თილისმები


კინოვარსკვლავები პრეტენზიული და ორიგინალური პიროვნებები არიან. მათ უმრავლესობას ზებუნებრივი ძალების განსაკუთრებით სჯერათ და ამა თუ იმ თილისმას წამითაც არ იშორებენ.

 ათი წლის იყო კამერონ დიასი, მამამ ტაიტიდან საჩუქრად მაიმუნის ფიგურა რომ ჩამოუტანა. მაიმუნი პირს თათით იფარავს. მას შემდეგ მსახიობი, თურმე გვერდიდან არ იშორებს ამ სუვენირს. მეტიც, ამტკიცებს, რომ ამ ფიგურას მისთვის ბედნიერება მოაქვს. “მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პატარა მეგობარი მკარნახობს, როგორ მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში, როდის უნდა დავაჭირო ენას კბილი, ან როდის უნდა ავლაპარაკდე”. – განაცხადა კამერონ დიასმა.

 ემანუელ ბეარი თავის თილისმად საბავშვო ლოსიონების ცარიელ ფლაკონებს მიიჩნევს, რომელიც მას შორეული წარსულიდან შემორჩა. ბეარს ისინი ჩანთაში უწყვია, დრო და დრო ამოიღებს და დაყნოსავს ხოლმე. “ეს არომატი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. როცა სასოწარკვეთილება მეუფლება, საკმარისია მისი არომატი შევიგრძნო და იმავე წამს მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი.” – ამბობს მსახიობი.

 ჯენიფერ ლოპესმა რამდენიმე წლის წინ ძაფზე გამხმარი ცერცვის მარცვლები აასხა და დღემდე თან დაატარებს, რადგან საკუთარ თილისმად მიაჩნია. თუ რაიმე ხელსაყრელ კონტრაქტს შესთავაზებენ, ან რომელიმე მომხიბვლელი მამაკაცი სადილზე მიიპატიჟებს, ჯენიფერი მაგრად უჭერს ხელს თილისმას, რომელიც მას, როგორც თავად აღიარებს, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ცერცვი ჯენიფერს ბავშვობას აგონებს. პუერტორიკოელი ლოპესების ღარიბი ოჯახი კვირიდან კვირამდე ძირითადად ცერცვის მარცვლით იკვებებოდა.”ყოველთვის მახსოვს, საიდან მოვედი და რის ფასად დამიჯდა გზის გაკვალვა. ამიტომაც, ამ გზიდან ვერავინ და ვერაფერი გადამახვევინებს”. – აცხადებს ლოპესი.