ფრანგული მას-მედიის მტკიცებით, ცნობილმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ ღვინის ბიზნესს უღალატა და ზღვის პროდუქტებით ვაჭრობა წამოიწყო. დეპარდიემ პარიზში პატარა მაღაზია შეიძინა, რომელსაც “მობი დიკი” უწოდა. დაწესებულება მყიდველებს თევზის ახალ ნაწარმს სთავაზობს. ბატონი ჟერარი საკუთარი მაღაზიის მუშაობას თვალს ყურადღებით ადევნებს. თანამშრომლები რომ არ გაზარმაცდნენ და საქმეზე გული არ აიყარონ, ის ობიექტს ხშირად ამოწმებს.
როგორც წესი მაღაზიას ყოველთვის გაუფრთხილებლად სტუმრობს. მსახიობი მოტოციკლზეა ამხედრებული და თავზე ჩაფხუტი ახურავს.
დეპარდიეს თანამშრომლების მტკიცებით, მათი უფროსი განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. მიღებულ პროდუქტს ყოველთვის თავად სინჯავს. მაღაზიაში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამნაშავე პერსონალს თანამდებობიდან დაუყოვნებლივ ათავისუფლებს.
საინტერესოა, რომ მსახიობს ბოლო დროს მომატებული წონის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ამ მიზეზის გამო დეპარდიემ ხორცის ჭამაზე კატეგორიული უარი განაცხადა და მხოლოდ ზღვის პროდუქტებზე გადავიდა.