ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები და ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე არც ერთ მოლაპარაკებაზე არ წავალთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერის თქმით, რუსეთის მხრიდან მორიგი ანექსიის მცდელობა ხელს შეუშლის რუსეთ-საქართველოს შორის დაწყებულ დიალოგს, თუმცა, მისი აზრით, დიალოგის არსებობა არის სწორი გზა.
"ჩვენ ვაგრძელებთ ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდს. ბუნებრივია ჩვენ ყველგან დავგმეთ ძალიან პრინციპულად და მკაცრად რუსეთის ქმედება. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების ასევე ძალიან პრინციპული პოზიცია. მათ დაგმეს რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს მორიგი ნაბიჯი ანექსიისკენ. რეალურად ეს ხელს შეუშლის ჩვენს შორის დაწყებულ დიალოგს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ დიალოგს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დიალოგის არსებობა არის სწორი გზა. ჩვენ ვაგრძელებთ აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ვაგრძელებთ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ერთის მხრივ ვართ და ვიქნებით პრინციპულები და ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე არც ერთ მოლაპარაკებაზე არ წავალთ, თუმცა რაც შეეხება ჩვეულებრივ კონსტრუქციულ დიალოგს, რაც შეეხება ვაჭრობას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ეს სხვა საკითხია. ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ პოლიტიკური ურთიერთობები ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობებიდან და ამ მხრივ კარგად მივდივართ", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.