შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული თ.ც. და 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში მდებარე ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს თავს დაესხნენ ცივი იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა, რომელსაც უკანონოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.