ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 99 პროცენტითაა გაზრდილი

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 99 პროცენტითაა გაზრდილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 99 პროცენტითაა გაზრდილი.
აღნიშნულთან დაკავშირებული მაჩვენებლები მედიას პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარუდგინა.

"დღეს გახდა ცნობილი, რომ მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 508 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 99 %-ით აღემატება, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 155 %-ით. მინდა გითხრათ, რომ 9 თვის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 923 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 29 %-ით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36 %-ით.

ასევე, თუ გადავხედავთ აღნიშნულ მაჩვენებელს გრძელვადიან დინამიკაში, ჩვენ დავინახავთ, რომ 2008 წლის მეორე კვარტალის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ 2009 წლიდან მოყოლებული ეს ნიშნული კვარტალური მაჩვენებლების დონეზე არის რეკორდული. აღსანიშნავია რეინვესტირების დონეც, რომელმაც შეადგინა 26 %, ხოლო ახალი კაპიტალის წილი ამ მაჩვენებელში არის 73 %", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა ჩინეთია.

"წელს, 2 კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით არის ჩინეთი 150 მილიონი დოლარით. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, შემდეგ კი ნიდერლანდები. 3 კვარტალში ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია მშენებლობის სფეროში განხორციელდა და შეადგინა 181 მილიონი დოლარი, მეორე ადგილებზე იმყოფება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მესამეზე კი უძრავი ქონება 61 მილიონი დოლარით", - აღნიშნა პრემიერმა.