მოსკოვი შეშფოთებულია რუსეთის წინააღმდეგ გერმანიის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გერმანია ტრადიციულად, კონსტრუქიულ როლს თამაშობდა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში ისევე, როგორც ზოგადად დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებში.
"თუ გერმანიამ დიქტატზე გადასვლა გადაწყვიტა, ვფიქრობ, ევროპა ამით ვერაფერს მოიგებს და საეჭვოა, რომ გერმანიამაც მოიგოს", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელგიელ კოლეგა დიდიე რეინდერსომთან შეხვედრისას.
სერგეი ლავროვმა ასევე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობის საიტზე ყირიმის შესახებ გამოქვეყნებული ცნობარის შესახებ.
"სხვა ყველაფერთან ერთად, მასში ნათქვამია, რომ ასწლეულების განმავლობაში ყირიმი დასახლებული იყო თათრებით, უკრაინელებით, სომხებით, ბერძნებითა და გერმანელებით. რუსები კი მასში საერთოდ არ არიან მოხსენიებული", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსული მხარე დაინტერესდება, ვინ შეადგინა ცნობარი და ამის თაობაზე გერმანელ კოლეგებს მიმართავს.