2006 წელს კორტებზე მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს. ვაზაგაშვილი ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევს, რომ დაიწყოს მისი შვილის საქმის გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის ქუჩაში გამოყვანასა და აქციების ჩატარებას აპირებს. ამის შესახებ ვაზაგაშვილი „კვირის ქრონიკას" ესაუბრა.
„მოდით, იმაზე ვთქვათ, ეს ხელისუფლება ვინ მოიყვანა, ვისი მხარდაჭერით გახდნენ ესენი ქვეყნის მმართველები და რა დაპირებები ჰქონდათ?! ჩვენი, ხალხის მხარდაჭერის გარეშე „ნაცმოძრაობას" ვერ მოიშორებდნენ და ეს ყველამ ვიცით. მოვალთ თუ არა, სამართლიანობას აღვადგენთ ქვეყანაშიო, გვპირდებოდნენ. ეს ხალხი ამაოდ ელის სამართლიანობის აღდგენას.
საკუთარი შვილების მკვლელების დასჯას, სამართალს ვითხოვთ. მითხარით, მკვლელი არ უნდა დაისაჯოს ნორმალურ ქვეყანაში? შეიძლება, 8 წელი ამისთვის ვიბრძოდე? ადგნენ და აღადგინონ სამართლიანობა, ვიდრე ხალხს ნერვები შერჩენია.
ჩვენ ვიწყებთ აქციებს, თუ ხელისუფლებამ არ შეასრულა მთავარი დაპირება და სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყო. 2 კვირა მივეცით ხელისუფლებას, თუ არ დაიწყებენ სამართლიანობის აღდგენას, დავიწყებთ საპროტესტო აქციებს, სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს. აქციებს გავმართავთ პარლამენტთანაც, სახელმწიფო კანცელარიასთანაც და ივანიშვილის სახლთანაც", - განაცხადა ვაზაგაშვილმა.