ექსპერტი მამუკა არეშიძე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ხელისუფლებაში გარკვეული ჩინოვნიკების მხრიდან ადგილი აქვს უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს". არეშიძე აღნიშნულზე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.
„სწორედ ამიტომ მივიღეთ წლის ბოლოს ლარის კურსის ვარდნა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიუჯეტი და ბევრი განუხორციელებელი პროექტი, რის შედეგადაც ქვეყნის მშენებლობის პროცესი დამუხრუჭდა!
სწორედ ამიტომ დადგა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც საქმე აქამდე მიიყვანეს! საერთოდ, ხელისუფლებაში ზოგ-ზოგიერთებმა ვერაფრით ისწავლეს ჭკუა და ვერ გაიგეს, რომ პემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და, გნებავთ, ბიძინა ივანიშვილიც, 3-4 თვეში ერთხელ ახდენენ იმის რევიზიასა და შეფასებას, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში. სწორედ ამ რევიზიას მოჰყვება ხოლმე ზოგჯერ ხმაურიანი და ზოგჯერ ნაკლებად ხმაურიანი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში", - აღნიშნა არეშიძემ.
მამუკა არეშიძის თქმით, ზვიად ჯანყარაშვილის პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად დანიშვნამ შედეგი ვერ გამოიღო და სწორედ ამიტომ დაემშვიდობა ის თანამდებობას.
„მმართველი პარტია არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის, მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რომელიც საკმაოდ მძიმეა! ვფიქრობ, ჯანყარაშვილს დაუწუნეს როგორც საკადრო პოლიტიკა, ისე რეგიონების მართვის ფორმა.
მოკლედ, ჯანყარაშვილის აღამსრულებელ მდივნად დანიშვნით „ქართულმა ოცნებამ" ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო და ამიტომაც დაემშვიდობა იგი თავის პოსტს", - განაცხადა არეშიძემ.