„ქედს ვიხრი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისა და მათი ოჯახების წინაშე“

„ქედს ვიხრი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისა და მათი ოჯახების წინაშე“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოქმედი მთავრობის დამსხურებაა ის, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ აფხაზებთან გართულებული ურთიერთობის ფონზე პირდაპირი დიალოგის საშუალებით 30 ცხედრის გადმოსვენება მოხდა

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დიღმის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში მომხდარი თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 4 ქართველის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

ღარიბაშვილის თქმით, ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები ერთი ოჯახის შვილები არიან და ერთმა ოჯახმა გაიღო ასეთი დიდი მსხვერპლი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

"მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ქედს ვიხრი მათი ოჯახის წინაშე. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქალბატონი ბელა ზალდასტანიშვილი, რომელმაც ღირსეულად ატარა და ატარებს ამ უდიდეს ტკივილს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში დიდი დახმარება გასწია საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტმა და ეს ასევე შესაძლებელი მთავრობის უშუალო ჩართულობით გახდა.

პრემიერის თქმით, წითელი ჯვარი უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისთვის და ამ პროცესში ჩართულია დევნილთა სამინისტრო და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო.

ღარიბაშვილმა ამ პროცესში აქტიურად ჩართულ პირებს, მათ შორის დევნილთა ყოფილ მინისტრს დავით დარახველიძესა და მოქმედ მინისტრ სოზარ სუბარს დიდი მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი მთავრობის დამსახურებაა ის, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გართულებული ურთიერთობის ფონზე აფხაზებთან, ჩვენ აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით შევძელით და 30 გმირის ნეშტი გადმოვასვენეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დამატებით 12 ადამიანის ნეშტის გადმოსვენება მოხდება.