მაკა ხარაზიშვილი, “რეზონანსი“
მიწების დამუშავებისთვის განკუთვნილ 30-ლარიან ვაუჩერებს გლეხების დიდი ნაწილი ვერ იღებს - ბევრი მათგანი სიაში არ აღმოჩნდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ დამატებითი სიები შედგება და ვაუჩერის გარეშე არც ერთი ოჯახი არ დარჩება. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამატებითი სიების გლეხებს უკვე აღარ სჯერათ, ვინაიდან სასურსათო და დენის ვაუჩერების დარიგებისას ბევრი დამატებით სიაშიც არ მოხვედრილა.
სოფელ ახალდაბაში მცხოვრები ზაქრო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მთავრობის დახმარება მას არც ერთხელ არ მიუღია. წინა ვაუჩერების დარიგებისას იგი და მისი ბევრი თანასოფლელი დამატებით სიაშიც არ მოხვდა.
"ვინაიდან ეს გამოცდილება უკვე მქონდა, სოფლის რწმუნებულს დავუკავშირდი და ვთხოვე გაერკვია, ვიყავი თუ არა სიაში. აღმოჩნდა, რომ ვაუჩერს ჩემი ოჯახი არც ამჯერად მიიღებს. რითი ვერ დაადგინეს, რომ ნამდვილად ვცხოვრობ ამ სოფელში. რწმუნებულმა მითხრა, დამატებითი სიები შედგებოდა, თუმცა წინაზეც იგივე მითხრეს, მაგრამ ვაუჩერი მაინც არ მომცეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარისას ზაქრო ნაცვლიშვილი.
სიაში ვერ მოხვდა სოფელ ვარიანში მცხოვრები გლეხების ნაწილიც. მათი თქმით, მიიღეს პირობა, რომ დამატებით სიების შედგენისას ვაუჩერებს აუცილებლად დაურიგებენ, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინ გამოცდილების გამო, გლეხებს დამატებითი სიების არ სჯერათ.
"არ მოუციათ ვაუჩერი. მართალია, ეს 30 ლარი მინიმალურია და მიწას ვერ დამიმუშავებს, მაგრამ გაჭირვებული გლეხისთვის მაინც ყოველი კაპიკი მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თუ მთავრობა ამბობს, რომ ყველა გლეხი მიიღებსო, რატომ უნდა დავკარგო? ერთხელ არ ვიყავი სიაში, მეორეჯერ, გავაპროტესტე, რითი ვერ მოგვარდა ეს პრობლემა?
სასურსათო ვაუჩერებს რომ არიგებდნენ, ისიც არ მომცეს. მივედი, მოვითხოვე, მაშინაც ასე მიპასუხეს დამატებითი სიები შედგებაო, მაგრამ მაინც ვერ მივიღე. დამატებითი სია მართლა თუ არსებობდა ისიც არ ვიცი", - ამბობს ვარიანში მცხოვრები გლეხი, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი სტატიაში არ მოვიხსენიოთ.
ვარიანის რწმუნებულმა ნუგზარ კარელიძემ დაადასტურა, რომ სიაში მართლაც ბევრი ადამიანი არ არის. მისი თქმით, დამატებითი სია უკვე შედგა და და საკრებულოს გადაეგზავნა.
"დამატებითი სიები უკვე გავაკეთეთ და საკრებულოს გადავუგზავნეთ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ჩამოსული იყო სოფელში. თვითონ გვითხრა, რომ დამატებითი სია გაგვეკეთებინა, რათა ვაუჩერის გარეშე არავინ დარჩენილიყო", - ამბობს ნუგზარ კარელიძე.
- ბევრი ოჯახი ვერ მოხვდა სიაში?
- საკმაოდ არის, მაგრამ როგორც გითხარით, მინისტრი დაგვპირდა და ყველა მიიღებს ვაუჩერს.
- გლეხები ამბობენ, რომ დამატებითი სიები წინა ვაუჩერების დარიგების დროსაც შედგა, თუმცა მათ აღნიშნული ვაუჩერები მაინც ვერ მიიღეს...
- წინაზე რა მოხდა, ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ მინისტრის გვჯერა, რომ ვაუჩერის გარეშე არავინ დარჩება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მინისტრმა ყველა გამგებელს დაავალა ზუსტი სიები გაკეთდეს, რათა ვაუჩერი ყველა გლეხამდე მივიდეს.
"გარწმუნებთ, ვაუჩერის გარეშე არავინ დარჩება", - ამბობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თამარ მეფარიშვილი.
სასოფლო ვაუჩერების დარიგება 20 დეკემბერს დაიწყო და 10 იანვარს დასრულდება. ვაუჩერს, ქვეყნის მასშტაბით, 3400 სოფელში, 800 000-მდე ოჯახი მიიღებს.
მიწების დამუშავებისთვის 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან მოდის. პრეზიდენტის შეფასებით, ვაუჩერების სოფლის მეურნეობაში გამოყენებით გლეხები გაცილებით მეტ მატერიალურ შემოსავალს მიიღებენ. სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოში რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს დამუშავებული.
აღსანიშნავია, რომ გლეხმა ერთი ჰექტარი მიწა უნდა დაამუშავოს და ამისათვის ძველი ტრაქტორი დაიქირავოს, პირველ რიგში, სჭირდება 30 ლიტრი საწვავი (ახალ ტრაქტორს ერთი ჰექტარის დასამუშავებლად 20 ლიტრი საწვავი ჰყოფნის); ანუ 1 ჰა-ს მოსახნავად გლეხს საწვავში სულ მცირე 43 ლარი დასჭირდება.
თუმცა, მიწის ერთხელ მოხვნა საკმარისი არ არის და დათესვამდე აუცილებელია მიწის კულტივაცია, რასაც ასევე ტექნიკის დამატებით დაქირავება და საწვავის ყიდვა სჭირდება.
მიწის მოხვნისა და დათესვის შემდეგ საჭიროა ნათესების სასუქით გამოკვება. ერთი ტომარა კი 38 ლარი ღირს. 1 ჰა სავარგულს კი დაახლოებით 10 ტომარა სასუქი სჭირდება.
ამ ფონზე ნათელია, რომ 30-ლარიანი ვაუჩერი გლეხს მხოლოდ დასამუშავებელ მიწამდე მისასვლელად ეყოფა. შესაბამისად, მხოლოდ 30-ლარიანი ვაუჩერით მიწების დამუშავების პრობლემის გადაჭრა რომ შეუძლებელია, ეს მთავრობაშიც კარგად ესმით.
951
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85