გუშინ ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემამ “Uncut” ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და პოეტმა პატი სმიტმა გასულ წელს გარდაცვლილ ემი ვაინჰაუსს კომპოზიცია მიუძღვნა.
65 წლის პატი სმიტი ბას-გიტარისტ ტონი შენეჰენთან ერთად ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს. სტუდიაში ყოფნისას პოეტმა ექსპრომტად ლექსი დაწერა და გადაწყვიტა ის ბრიტანელი მომღერლისათვის მიეძღვნა.
შენეჰენის დახმარებით პატი სმიტმა რამდენიმე საათში ამ ლექსის მოტივებზე ახალი კომპოზიციაც შექმნა. მუსიკოსის მტკიცებით მელოდია ტექსტს სრულყოფილად მოერგო.
ახალი კომპოზიციის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ის პატი სმიტის ახალ ალბომში განთავსდება. ამ დისკის გამოცემა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.
პატი სმიტის ბოლო სტუდიური ნაშრომი “Twelve” 2007 წლით არის დათარიღებული. ამ ჩანაწერში წარმოდგენილი გახლდათ ჯიმი ჰენდრიქსის, ბობ დილანის, “The Beatles”-სა და “The Rolling Stones” ცნობილი 12 კომპოზიციის ქოუვერ ვერსიები.