აშშ-ის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცნობილ როკმენს, ლეგენდარული ჯგუფი “Black Sabbath”-ის 63 წლის გიტარისტს ტონი აიომის ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ამერიკელი ონკოლოგების ვერდიქტით, ლიმფომას დაავადება მხოლოდ საწყის სტადიაში იმყოფება და შესაბამის მკურნალობას ექვემდებარება. ორი დღის წინ მუსიკოსმა სამედიცინო კონსულტაციები გაიარა და უახლოეს დღეებში ამ მავნე სენთან ბრძოლას შეუდგება.
ეს სამწუხარო ამბავი ქალაქ ლოს-ანჯელესიდან გავრცელდა. ჯგუფის წევრები ამჟამად კალიფორნიაში იმყოფებიან და ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობენ. აიომიმ მკურნალობის კურსი დიდ ბრიტანეთში უნდა გაიაროს. ამ მიზეზის გამო “Black Sabbath”-ის წევრები დისკის ჩაწერას რამდენიმე დღეში ლონდონში გააგრძელებენ.
ოზი ოსბორნის განცხადებით, ტონი აიომის ავადმყოფობით მეტად შეძრწუნებულები არიან. ამის მიუხედავად ჯგუფი მომავალი საგასტროლო ტურნეს გაუქმებას არ აპირებს. ბატონი ოზი დარწმუნებულია, რომ ამ კონცერტებში აიომიც მიიღებს მონაწილეობას.
გაერთიანებული “Black Sabbath” პირველ კონცერტს 2012 წლის 18 მაისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩაატარებს. 20 მაისს ლეგენდარული ჯგუფი სანკტ-პეტერბურგს ეწვევა.
რუსეთის შემდეგ მუსიკოსები საგასტროლო ტურნეს შემდეგ ქვეყნებში გააგრძელებენ: ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია და იტალია.
დღეისათვის ცნობილია რომ “Black Sabbath” ევროპის კონტინენტზე 15 კონცერტს გამართავს. ტურნე მომავალი წლის 24 ივნისს დასრულდება.
ოზი ოსბორნის ინფორმაციით, შესაძლებელია ევროპული გასტროლების დამთავრების შემდეგ ჯგუფი მსოფლიოს იმ ქვეყნებსაც ესტუმროს, სადაც ხანგრძლივი კარიერის დროს არასოდეს ყოფილა.
დღეისათვის ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი “Never Say Die!” 1978 წლით არის დათარიღებული.